Thursday, November 17, 2011

რაც ინტერვიუში ვერ მოხვდა

ჯერ იყო 2 ოქტომბერი, გოდერძი ჩოხელის დაბადების დღე. სამთავროში დაგეგმილი წირვის შესახებ წინა საღამოს გავიგე და მივხვდი, რომ საიტისათვის მასალის მომზადებას ვერ მოვასწრებდი.  ვიკიპედიაზე კიდევ ერთხელ გადავხედე მის ბიოგრაფიას და გავიგე, რომ გარდაცვალების დღე 16 ნოემბერი იყო. საკუთარ თავს (და რედაქტორსაც) პირობა დავუდე, რომ ამ დღისთვის მასალას აუცილებლად მოვამზადებდი.
ე.წ ინტერვიუსწინა მოსამზადებელი პერიოდი ცოტა გამეწელა ახალი სამსახურის გამო. მაგრამ, ალბათ, უფრო იმიტომ, რომ მის მეუღლესათან დარეკვა მერიდებოდა. ადრე გამოფენაზე შევხვდი და გავესაუბრე. ვიცოდი, რომ ძალიან თბილი და სასიამოვნო ქალია, მაგრამ მაინც მერიდებოდა. ბოლოს მივხვდი, რომ ამ საუბარს მაინც ვერ ავცდებოდი და დავურეკე. ცოტა გაოცებული ხმა ჰქონდა, მგონი ჟურნალისტებისგან ყურადღებას ცოტა გადაჩვეულია მეთქი. მთხოვა მეორე დღეს დამერეკა და დაზუსტებით მეტყოდა პასუხს.  მეორე დღეს ისევ დაბნეული იყო, არ ვიცი რა უნდა ვილაპარაკოო. მაგას მე გეტყვით მეთქი და კარგი მაშინო. ბინის მისამართი ისე დაწვრილებით ამიხსნა, რომ ერთი კითხვაც არ დამჭირვებია ისე აღმოვჩნდი კართან, რომლის იქითაც სხვა სამყარო დამხვდა - თბილი და რაღაცნაირად იდუმალი.
ოთახში, რომელშიც ქალბატონი ნინო შემიძღვა, ყველგან გოდერძი იყო, წიგნებით და ფოტოებით. თითქოს აქვე იყო და მაკვირდებოდა. ჩანთა და პალტო  მორიდებით დავდე, ოდნავი ხმაურის გამოწვევაც არ მინდოდა, რომ  სახლში არსებული იდუმალება არ დამერღვია. გვერდით ოთახიდან ბიჭების საუბარი ისმოდა, ამან ცოტა დამძაბა. მაგრამ გოდერძის მეუღლის თბილმა გაღიმებამ დაძაბულობა მომიხსნა. მითხრა, რომ საიტზე ჩემი ძველი სტატიაც უნახავს და კმაყოფილი იყო, ამან უფრო გამათამამა და საუბარიც დავიწყეთ. მაგრამ მალევე მოგვიწია რამდენიმე წუთით შეწყვეტა. ოთახში უფროსი შვილი, ლუკა შემოვიდა, დედას ტელეფონი მოუტანა.გავოცდი, თმა თითქმის სულ გათეთრებული აქვს, წამიერად გავიფიქრე, რომ მამას ძალიან ჰგავს. ტელეფონზე მამა თამაზი რეკავდა, აინტერსებდა თექვსმეტისთვის რას აპირებდნენ (ეს მეც მაინტერესებდა). 
დრო ვიხელთე და სახლს თვალი მოვავლე, ერთი კარადა მთლიანად გოდერძი ჩოხელის წიგნებით იყო სავსე, მეორე კარადაზე მისი პრიზები ვიცანი, ობერჰაუზენის, ანაპის, მონტე-კარლოს, იაპონიის კინოფესტივალებიდან...სახლში ყველაფერი ძველი იყო...არა, ანტიკვარიატი არა. უბრალოდ ძველი, ისეთი, დიდი ხანი რომაა გამოცვლას საჭიროებს.
საუბარი განვაგრძეთ.. თითქმის ერთი საათი ვსაუბრობდით. ვხედავდი როგორ ბრწყინავდა მისი თვალები, როდესაც გოდერძი ჩოხელის შემოქმედებაზე, უცხოელების მხრიდან გამოჩენილ დიდ ინტერესსა და მხარდაჭერაზე და მის ამოუხსნელ ბუნებაზე საუბრობდა. არ გამომპარვია ის ბედს შეგუებული ადამიანის წყენით სავსე მზერაც, რომელიც კინოცენტრის მიერ ჩოხელის სცენარის დაწუნებასა და ტელევიზიების მიერ მისი  ფილმების დავიწყებაზე საუბარს ახლდა თან. მითხრა, რომ უხარია ახალგაზრდების დიდი ინტერესი და სიყვარული გოდერძი ჩოხელის შემოქმედებისადმი, მაგრამ გული წყდება, რომ ბევრ მათგანს ჰგონია, თითქოს გოდერძიმ თავი მოიკლაო. მოვერიდე ამ თემას უფრო ახლოს შევხებოდი, მაგრამ გოდერძი ჩოხელის ბოლო, დეპრესიული წლების გახსენება მაინც ვთხოვე. დეპრესიის რამდენიმე მიზეზი დამისახელა. ის, რომ წიგნებს ვეღარ გამოსცემდა, ფილმებს ვეღარ იღებდა (არადა ყველაზე მეტს სწორედ გადაღებებისას წერდა), ის, რომ გრძნობდა ქართული კინო კვდებოდა და მანამ არაფერი შეიცვლებოდა, ვიდრე ეს საკითხი სახელმწიფო დონეზე არ დადგებოდა, ამას ისიც დაერთო, რომ მეუღლეც გამოუშვეს ტელევიზიიდან, ამ ყველაფრით გამოწვეული ეკონომიური სიდუხჭირე... ჰოდა ინფარქტმაც არ დააყოვნა.. მერე კი მთელ ქვეყანაში 120 000 დოლარი ვერ გამოინახა, რომ ასეთი შემოქმედის სიცოცხლე თუნდაც რამდენიმე წლით გახანგრძლივებულიყო... იმ წელს, როდესაც ასობით ათასი (შეიძლება მილიონიც) იმაში დაიხარჯა, რომ რიყეზე შეკრებილი ქართველები შაკირას მოსმენით ან ცქერით ”დამტკბარიყვნენ”... უფრო მოგვიანებით კი სახელმწიფო უარს ამბობს მისი  კინოსცენარის დაფინანსებაზე. კინოსცენარის კაცზე, რომელიც შავ-თეთრ სოფელს აფერადებს, მასში ხალისი და სიცოცხლის სიყვარული შეაქვს, რისთვისაც სჯიან და საბოლოოდ იღუპება. აქტუალური არააო. (!) მაგრამ კინოცენტრი თანხას არ იშურებს ”ჯაყოს ხიზნებისათვის”, რომლის ეკრანიზაციამ პროფეsიონალების რისხვა დაიმსახურა. ნაწარმოები მართლაც კლასიკაა, მაგრამ ასეთი სცენარით მისი ასე გადაღება მართლა სამარცხვინოდ მიმაჩნია. 
მოკლედ... ძალიან გავბრაზდი...
სიამოვნებით ვუსმენდი ქალბატონ ნინოს მიერ მოყოლილ ისტორიებს, როგორ ჩააკითხა სიცხიანმა გოდერძიმ შალის ჯემპრით ზღვაზე, მხოლოდ იმიტომ, რომ სიზმარში ნახა როგორ ეძახდა, როგორ აავსო ჩოხიდან ჩამოტანილი პატარძალა ყვავილებით სახლი, რადგან ბავშვები პატარები ჰყავდა და თვითონ ვერ ახერხებდა მთაში წასვლას, ჰოდა, მთა ასე ჩამოუატანა...
წამოსვლისას ლიფტამდე გამომაცილა და მადლობა გადამიხადა, რომ ”დრო დავუთმე”.
რაღაცნაირად გულდამძიმებული წამოვედი და თან დიდი სითბო გამომყვა.. თბილი ოჯახიდან!













No comments:

Post a Comment