ტრადიციულად "დილით" (ანუ პირველ საათზე) საწოლიდან გამოვძვერი. აზრზე მოსვლისთანავე საუზმე-სადილს მივადექი და ფიქრებში გავერთე - რა გადააგორებდა ბოლო დროს ყველაზე საზიზღარ დღედ ქცეულ კვირა დღეს. სწორედ ამ დროს ჩემს ეზოში ორი ნაცნობი სილუეტი შევნიშნე, რომლებიც ჩემი კარისკენ მოემართებოდნენ. ჯერ ვიფიქრე ისევ მძინავს და ალუზიას ვხედავ მეთქი, მაგრამ ნურას უკაცრავად!(მიშასეულად).ჩემს წინაშე მთელი სისრულით წარსდგნენ ეგვიპტის "დამყრობელი" მაიკო ქათამაძე და ხონის ბოლომდე ჯერ კიდევ აღმოუჩენელი გენია თიკო ზვიადაძე. ჰოდა, აი ასე, სულ რაღაც წამებში "ავაგიზგიზეთ კოცონი" (ენით, რა თქმა უდა). რა თემები განვიხილეთ და ვინ შევამკეთ (პირდაპირი თუ გადატანითი მნიშვნელობით) ამას არ ჩამოვთვლი, რადგან მეზარება. თანაც ეს ისეთი რამაა, რაც საკუთარი თვალით უნდა ნახო და ყურით მოისმინო. ვინაიდან ეს დღე გოგონებს წანწალის დღედ ჰქონდათ გამოცხადებული და ჩემს შემდეგ სხვაგან ელოდებოდნენ, ამიტომ სულ რაღაც ორ საათში დამტოვეს. განსახილველი და შესამკობი კიდევ ბევრი დაგვრჩა, მაგრამ გადაწყდა, რომ სრული შემადგენლობით შეკრებისას გავაგრძელებდით. მაინც სასიამოვნოდ დატვირთული ორი საათი გამოვიდა. რაღა დაგიმალოთ და "ქე" გამახარეს თავისი სტუმრობით.
ჰო, მთავარი კინაღამ დამავიწყდა - პატარა ეგვიპტური პირამიდა, ეგვიპტის სუნი რომ მოყვა. ჩემდა სამარცხვინოდ მხოლოდ სტუმრების წასვლის შემდეგ შევამჩნიე შესაფუთზე გაკეთებული წარწერა "Love from Egypt".

No comments:
Post a Comment