Wednesday, January 12, 2011

თერჯოლა

თერჯოლა პატარა ქალაქია, უფრო სწორად ერთი პატარა ქუჩაა - შუქნიშნიდან პირველ სკოლამდე...ჰა,ჰა მაქსიმუმ სამაშველო სამსახურამდე. შუქნიშანი ცოტა ხნის წინ იქცა ათვლის წერტილად, თორემ მანამდე ეს"პრივილეგია" ავტოსადგურს ჰქონდა მინიჭებული. მარტივი მიზეზის გამო - მანამდე ეს "მხოლოდშობილი" შუქნიშანი არ იყო. აქ ყველა ყველას იცნობს (ცნობს მაინც). ყველა ყველას ესალმება, უღიმის, ებღვირება ან ეჭვიან თვალს აყოლებს. აქ ყველამ იცის ვინ ვის შეხვდა, ვინ ვის რა გადაულაპარაკა, ვის ვინ "ნაყვარება", ვისი ბიჭი ვის გოგოს "ერიგება", ვის რა ფერის კაფელ-მეტლახი დაუგია, ვის რა ფირმის და რა ფასიანი მაცივარი უყიდია და ა.შ.
ყოველ დილით,მსოფლიო თუ ქართული პოლიტიკის ამბებთან ერთად, ელვის სისწრაფით ვრცელდება ინფორმაცია იმის შესახებ, თუ ვინ ვისთან ერთად გაისეირნა წინა საღამოს შადრევანთან, ხელჩაკიდებულები იყვნენ თუ სავალდებულო დისტანცია დაცული იყო...
ყველამ კარგად იცის რა ხდება ახლო თუ შორებელი მეზობლის ოჯახში, მაგრამ ხშირად ვერ გარკვეულან საკუთარში..
აქ მუდმივად მიმდინარეობს შეჯიბრები. ეჯიბრებიან ჩაცმა-დახურვაში, მანქანების ყიდვა-გაყიდვაში, რემონტში და საბედნიეროდ (თუმცა ზოგჯერ სამწუხაროდაც, შვილების შესაძლებლობებიდან გამომდინარე) შვილების სწავლა-განათლებაშიც. ოჯახების გარდა ეჯიბრებიან სკოლები, აფთიაქები, მარკეტები...
აქ ხალხი უცვლელია. იცვლება მხოლოდ სხვადასხვა ზომის, ფორმის და ფერის ნათურების რაოდენობა და განლაგება. უცვლელია პრესის ჯიხურის ადგილმდებარეობაც და გამყიდველიც, თუმცა იერსახე "მედულის ჯიხურმაც" შეიცვალა და, მთლიანად ქალაქის მსგავსად, ისიც ევროპულ სტანდარტებს მიუახლოვდა.
აქ ხშირად ტკივილი აერთიანებთ და ერთი ტრაგედია მთელი ქალაქის სატკივარი ხდება.
აქ თითქოს ყველა ერთი ცხოვრებით ცხოვრობს და თან ყველა საკუთარ ნაჭუჭშია ჩაკეტილი.


5 comments: